ჩემს საყვარელ ლექტორს
სტუდენტობისას,
ერთი უსაყვარლესი მათემატიკის ლექტორი მყავდა, ციცო ბუჩუკური. მახსოვს ძალიან მკაცრი ქალი იყო და გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობარმა მასთან მოვმზადებულიყავით, რათა უკეთ ჩაგვებარებინა უმაღლესი მათემატიკის გამოცდები. როგორღაც ჩემი მეგობრის ნათესავის დახმარებით დავიწყეთ ამ ქალბატონთან მეცადინეობა.
თავიდან ძალიან გვეშინოდა, გაუცინარი ხელმწიფე იყო. და ჰყავდა უსაყვარლესი და უსათნოესი, გვეტყოდა ხოლმე, ,,არ შეიმჩნიოთ ბავშვებო, ჯუჯღუნი კი უყვარს მაგრამ გულით კეთილიაო”. უზომოდ პატიოსნები, უსათნოესი და ეკლესიურები იყვნენ. ძალიან ამაყობდნენ თავიანთი პატიოსნებით
პატარა სახლში ცხოვრობდნენ ხვიჩიას ბაღთან ორ ოთახიანში. არცერთი არ იყო გათხოვილი. ნელ-ნელა ისე შევაყვარეთ თავი, 2 სახელი შემარქვა. ,,შენ ჩემი როჭიკა გოგო ხარო “ და მეორე პატარას მეძახდა მახსოვს ერთხელ რვეული არ მქონდა და სტუდენტების 12 ფურცლიანი, მწვანე ყდიანი რვეულების ფურცლებით შემიკერა რვეული.(გერმანიაში მაქვს სახლში ჩემთან და ძალიან მიყვარს
). ბევრი კარგი ფრაზა მახსოვს მისგან, უყვარდა ხოლმე გამონათქვამები,
მაგალითად :,,შეხედე ღმერთსა და რა უყოს მტერსა”
როცა უმეცადინებლები მივიდოდით ხოლმე გვეტყოდა
,,გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა რა მოჰქონდა-ო” ასეა თქვენი საქმეო.
მახსოვს თავისი ასაკის ქალბატონებს გოგოებს ეძახდა, ჩვენ კი ვიცინოდით ხოლმე… თან დაგვიყოლებდა, ,,რა ვქნა კი დავბერდი, მაგრამ ჩემი ასაკის ქალები ჩემთვის გოგოები არიან-ო”
ეხლა კი ვხვდები, როცა 33 ის ვხდები და თავი 17 წლისა მგონი.
უკვე აღარ ვიყავი მისი სტუდენტი, მესამე კურსზე ვიქნებოდი დაახლოებით. ყოველ დღესასწაულს ვულოცავდი და მილოცავდა. ზაფხული იყო,სოფელში ვიყავი. შევპირდი ხორბალს ვთხოვ ჩემი ოჯახის წევრებს თქო, ეძებდა ვინმეს სადმე რომ ეყიდა. რადგან სახლში აცხობდა პურს.
მე შევპირდი, ციცო მას სოფელში მივდივარ და არ იწვალოთ თქვენ თქო… ისე მოხდა რომ არ გამოვიდა ეს ამბავი. იმის მერე რატომღაც ძალიან შემრცხვა, რადგან ძალიან, ძალიან მერიდებოდა მისი და თვალებში ვეღარ ვუყურებდი ვცდილობდი არ შევხვედრილიყავი და თავი ამერიდებინა. განა რა იყო რომ მეთქვა ციცო მას, ასე ასე მოხდა თქო ,მაგრამ ეს ხომ ის ასაკია, როცა ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ, უფრო იმპულსურად და დაუფიქრებლად. ერთხელ პირისპირ შევეჩეხე, და თავი ჩავხარე, შემომხედა და ,,შენ მართლა პატარა ყოფილხარო” მითხრა. უზომოდ მეტკინა გული….რატომ ვეღარ ვბედავდი მასთან მისვლას არ ვიცი…. ხდება ხოლმე ალბათ.
გერმანიაში რომ წამოვედი აქედან მივწერე. რათქმაუნდა არ უპასუხია. შეიძლება ის ნომერი აღარც აქვს. იმედია ჯანმრთელად არის და ბედნიერად ცხოვრობს თავის დასთან ერთად.
მჯერა დადგება ის დღე როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ მასთან და ძალიან ბევრს ჩავეხუტები